საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მოსახლეობას მოუწოდებს, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატს მისცენ. დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ ქვეყანას ოპოზიციონერი პრეზიდენტი ჰყავდეს, რაც არასტაბილურობის საფუძველი იქნება. დეპუტატი ფიქრობს, რომ ოპოზიციისთვის საპრეზიდენტო მანდატის დათმობა მხოლოდ კონსტრუქციული ოპოზიციის პირობებში იქნებოდა მიზანშეწონილი, რაც მისი შეფასებით დღეს არ არსებობს.
„დღეს ოპოზიციის უდიდესი ნაწილი სიძულვილის ენით საუბრობს, არ შეწევთ უნარი ფაქტებზე დაყრდნობილი არგუმენტირებული კამათის, ხალხზე მანიპულირებისთვის იგონებენ ცრუ ისტორიებს და შეურაცხყოფას აყენებენ პიროვნებებს. ასეთ შემთხვევაში, ყოვლად დაუშვებელია, ქვეყანას ჰყავდეს ოპოზიციონერი პრეზიდენტი, რომლის მიზანიც არა ქვეყნის, არამედ, საკუთარი პარტიის კეთილდღეობა იქნება. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, სწორად შეაფასონ მოსალოდნელი საფრთხეები და ხმა მისცენ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს. ეს იქნება საუკეთესო არჩევანი ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
“ქართულ ოცნებას“ ჯერ არ დაუსახელებია ის დამოუკიდებელი კანდიდატი, ვისაც საპრეზიდენტო არჩევნებში დაუჭერს მხარს. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თანახმად, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით მმართველი გუნდი პოზიციას 8 აგვისტოს დააფიქსირებს. ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ გვარებზე საუბარი ჯერ ნაადრევია და გადაწყვეტილებას პარტია კანდიდატთა წრის სრულად გაცნობის შემდეგ მიიღებს.