აგვისტოში უკრაინამ დახურა თავისი წარმომადგენლობა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) საწესდებო ორგანოებში. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ დსთ-ის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე სერგეი ლებედევის განცხადებაზე დაყრდნობით. ლებედევის თქმით, დსთ კიევთან კონტაქტს შეინარჩუნებს ბელორუსიაში უკრაინის საელჩოს მეშვეობით. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მაისში ხელი მოაწერა ბრძანებულებას დსთ-ს ორგანოებიდან უკრაინის ყველა წარმომადგენლის გაწვევის შესახებ. თავისი გადაწყვეტილების მიზეზად მან ქვეყნის ევროპული ორიენტაცია დაასახელა. მანამდე უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ამ ორგანიზაციის ჩარჩოებში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან ქვეყნის გასვლის შესახებ. უკრაინა იყო 1991 წლის დეკემბერში დსთ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი. მას ოფიციალურად არ მოუხდენია თანამეგობრობის წესდების რატიფიცირება, მაგრამ ჩართული იყო ორგანიზაციის მუშაობაში. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ უკრაინას პრაქტიკულად აღარ მიუღია მონაწილეობა დსთ-ს საქმიანობაში. საქართველო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გავიდა დსთ-დან, რომლის წევრიც 1993 წელს გახდა. დსთ-ში დარჩა ცხრა სახელმწიფო - ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები რუსეთი, ბელორუსია, მოლდავეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი. ეს უკანასკნელი ასოცირებული წევრია.
უკრაინამ დახურა თავისი წარმომადგენლობა დსთ-ში