Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალხაზ კობაურის ადვოკატი ბრალდებულის მიერ ლორა სმითის გაუპატიურებას გამორიცხავს


ხადას ხეობაში სმითების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ ლორა სმიტის გაუპატიურებას გამორიცხავს. პრეს-კონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ლორა სმითს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა და გაუგებარია როგორ აღმოჩნდა მალხაზ კობაურის ბიოლოგიური მასალა გარდაცვლილის სხეულზე.ადვოკატის თანახმად, ბრალდებული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს იმის დასამტკიცებლად, რომ მას ლორა სმითთან სქესობრივი კავშირი არ ჰქონია.

„სექსუალური ძალადობა არ დასტურდება ექსპერტიზის დასკვნით. თავად კობაური ჩვენ გვეუბნება, რომ სასწრაფოდ ჩამიტარეთ ექსპერტიზა, ვინაიდან მე არ შემიძლია სექსუალური აქტის დამყარებაო. ძალადობის კვალი არ არსებობს საქმეში და როგორ შეიძლება არ არსებობდეს ძალადობის კვალი და ბრალდებულის ბიოლოგიური მასალა იყოს ამოღებული. ფაქტია, რომ მას არანაირი სექსუალური აქტი არ დაუმყარებია აწ გარდაცვლილ ლორა სმიტთან“, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ. იგი აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის თანახმად, ბრალდებული ფსიქიკურად შერაცხადია, „შერაცხადი ადამიანი კი ვერ ჩაიდენდა აღნიშნულ დანაშაულს.“

მალხაზ კობაურის დაცვის მხარე ასევე ელოდება სატელეფონო ჩანაწერების ექსპერტიზის დასკვნას, რომლის საფუძველზეც დადგინდება, რამდენი მობილური იყო დანაშაულის ადგილზე. დაცვის მხარე ასევე ელოდება ერთ-ერთი ექსპერტიზის დასრულებას, რომლითაც სატელეფონო ანძების ჩანაწერების ამოღება მოხდება. ადვოკატი განმარტავს, რომ ამ ჩანაწერებით დადგინდება, თუ რამდენი მობილურის ტელეფონის გამოყენება ფიქსირდებოდა დანაშაულის ადგილზე.


ტრაგედია ხადას ხეობაში 4 ივლისს დატრიალდა. დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის, მათ შორის არასრუწლოვანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 19 წლის მალხაზ კობაურს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG