Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თრუსოს ხეობაში დაკავებულის დედა: შვილების გათავისუფლებას ყოველ წუთას ველოდებით


თრუსოს ხეობაში, საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული 5 პირის ახლობლელები, დაკავებულთა გათავისუფლებას ელოდებიან.

როგორც ერთ-ერთი დაკავებულის, ბექა მაღრაძის დედამ, მანანა კიკვაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განყოფილებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულები თავს კარგად გრძნობენ და მათ დაბრუნებას დღესვე ელოდებიან.

სხვა დეტალები მანანა კიკვაძისთვის უცნობია. მისი თქმით, ბექა მაღრაძე, თავის ოთხ მეგობართან ერთად თრუსოს ხეობაში 24 აგვისტოს წავიდა, მომდევნო დღეს მათთან სატელეფონო კავშირი ვეღარ მყარდებოდა.

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო „რესი“-ს თანახმად, 28 აგვისტოს, ჯავის რაიონში, ყელის ტბასთან, რუსეთისა და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამხედროებმა საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს.

დაკავებულები არიან 30 წლის ბექა მაღრაძე, 29-წლის ქეთევან მაღრაძე, 26-წლის მზია გომური, 21- წლის ვახტანგ გუბელაძე და 22- წლის გია ბაღდოშვილი. ინფორმაციის თანახმად, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საზღვრის დაცვის სამსახური გამოძიებას აწარმოებს, განიხილება საქმის სასამართლოსთვის გადაცემის საკითხი.

როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, მომხდარზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ აკონკრეტებენ, თრუსოს ხეობის რა მონაკვეთში, რა ვითარებაში მოხდა საქართველოს მოქალაქეების დაკავება და რას ითხოვს მათ გასათავისუფლებლად საოკუპაციო რეჟიმი.

XS
SM
MD
LG