Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკომ კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენა


თბილისის, კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, დავით ფეტვიაშვილს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა -ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 29 აგვისტოს სხდომაზე დააკმაყოფილა დავით ფეტვიაშვილის თხოვნა თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თანახმად, შიდა აუდიტის სამსახური ფაქტის შესწავლას განაგრძობს.თამარ ჟვანიამ აღნიშნა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც გამოითხოვა, თუმცა ჯერ არ მიუღია.
კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ადგილის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა. მას შემდეგ, რაც კომისია სრულად დაკომპლექტება, იგი თავისი შემადგენლობიდან აირჩევს ახალ თავმჯდომარეს.

კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, დავით ფეტვიაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას 27 აგვისტოს მიმართა, თუმცა განაცხადა, რომ უდანაშაულოა და ჩანაწერების ავთენტურობას არ აღიარებს.

გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" 27 აგვისტოს გაავრცელა სატელეფონო ჩანაწერები, რომლის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციებს „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი აკომპლექტებს. ჩანაწერებში, ლევან ბეჟაშვილის თანახმად, ჩანს, რომ კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის კრწანისის კომისიის კურატორისგან იღებს მითითებებს, ვინ უნდა დაინიშნოს საუბნო საარჩევნო კომისიებში.

XS
SM
MD
LG