ვაშინგტონში რუსეთის საელჩო აცხადებს, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები გააფრთხილა არ მიმართონ რაიმე "გაუმართლებელ და უკანონო აგრესიის აქტს", რითიც უპასუხა აშშ-ის მხრიდან ბოლო პერიოდში გამოთქმულ გაფრთხილებებს, რომ ის სამაგიერო იერიშს განახორციელებს სირიის მთავრობის მიერ ქიმიური იარაღით განხორციელებულ ნებისმიერ ახალ თავდასხმაზე. "აშშ გავაფრთხილეთ სირიაში არ განახორციელოს აგრესიის კიდევ ერთი გაუმართლებელი და უკანონო აქტი. სირიაში დაძაბულობის ესკალაცია არავის ეროვნულ ინტერესებში არ შედის" - აცხადებს საელჩო 29 აგვისტოს ფეისბუკით გამოქვეყნებულ განცხადებაში. ამ ტექსტის თანახმად, ამ გაფრთხილებით რუსეთის წარმომადგენლები გამოვიდნენ მიმდინარე კვირაში, შეხვედრაზე, რომელიც რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტოლოვმა ითხოვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, დევიდ სატერფილდთან და სირიის საკითხებში ვაშინგტონის ახალ წარმომადგენელთან, ჯიმ ჯეფრისთან. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შარშან ორჯერ გასცა სირიაში, ქიმიური იარაღის სავარაუდო ობიექტებზე საჰაერო თავდასხმების განხორციელების ბრძანება, ორივე ჯერზე მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ სირიის საჰაერო ძალების მიერ ტოქსიკური გაზით განხორციელებულ იერიშებს ემსხვერპლა სირიის ათობით მშვიდობიანი მოქალაქე.