Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურამ კაშია: მე გავაგრძელებ ფეხბურთის თამაშს და მხარს დავუჭერ ადამიანების თანასწორობას


საქართველოს ნაკრების წევრი გურამ კაშია უეფამ თანასწორობის პრიზით დააჯილდოვა. მონაკოში გამართულ ტრადიციულ - ყოველწლიური დაჯილდოების -ცერემონიალს ქართველი ფეხბურთელი „სან ხოსეს“ შემადგენლობაში გასამართი მატჩის გამო ვერ დაესწრო და უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა სცენაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, უხმო.

ჩეფერინმა თქვა, რომ მიესალმება გურამის გამბედაობასა და სიმტკიცეს, რადგან მისი ქმედებები მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯია თანასწორობის პრინციპის მხარდაჭერის კუთხით. ღონისძიების წამყვანებმა კი აღნიშნეს, რომ გურამ კაშიამ გასულ სეზონში სხვა გუნდების კაპიტნებთან ერთად ლგბტ თემის მხარდასაჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა და ლგბტ თემის დროშის სამკლავურით გავიდა მოედანზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაბიჯს მის მშობლიურ საქართველოში პროტესტით შეხვდნენ, კაშიამ პოზიცია მაინც არ შეიცვალა.

კობიაშვილმა პრიზი ჩეფერინისგან ჩაიბარა და კომენტარიც გააკეთა:

„დიდი მადლობა უეფას პრეზიდენტს. ეს დიდი პატივია გურამისთვის, რომელმაც ძალიან რთული პერიოდი გადაიტანა. ხალხის ნაწილმა თქვა, რომ გურამ კაშიამ საერთოდ აღარ უნდა ითამაშოს ნაკრებში, მაგრამ არიან ქომაგები, რომლებიც ასე არ ფიქრობენ. თავად კაშიამ კრიტიკოსებს უპასუხა, რომ სანამ ერთი მხარდამჭერი მაინც ეყოლება, ჩამოვა სამშობლოში და სწორედ იმ ერთისთვის ითამაშებს. ჩემი მხრივ დავამატებ, რომ გურამს საქართველოში ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და ერთ-ერთი მათგანი მეც ვარ. ჩემი დიდი პატივისცემა გურამ კაშიას“.

დარბაზში შეკრებილებმა თანასწორობის პრიზის ქართველი მფლობელის ვიდეომიმართვაც მოისმინეს.

„მინდა უეფას და მის პრეზიდენტს დიდი მადლობა გადავუხადო. ამ პრიზის მიღება ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და ჩემი ქვეყნისთვის დიდი მიღწევაა. ეს იყო ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო ამბავი ჩემთვის. ფეხბურთი ყოველთვის იყო და არის ჩემი სიყვარული. მე გავაგრძელებ ფეხბურთის თამაშს და ყოველთვის დავუჭერ მხარს ადამიანების თანასწორობას“, - განაცხადა გურამ კაშიამ.

XS
SM
MD
LG