Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა: დონეცკში დაკავებულებს ჩვენებებს სძალავენ


დონეცკელი სეპარატისტები ჩვენებებს სძალავენ იმ დაკავებულებს, რომლებიც ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერის ალექსანდრე ზახარჩენკოს დაღუპვის შემდეგ დააპატიმრებს. ამას ამტკიცებს პაველ ლისიანსკი - უკრაინის ომბუდსმენის წარმომადგენელი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში. ლისიანსკის თქმით, სულ სეპარატისტებმა, დონეცკში მომხდარი აფეთქების შემდეგ, რასაც შეეწირა ზახარჩენკოს სიცოცხლე, 14 ადამიანი დააკავეს.

როგორც ამტკიცებენ, ოთხი მათგანი გამოტყდა უკრაინის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში. „მაგრამ ეს ფეიკია“, - წერს ლისიანსკი. სეპარატისტებმა ადრეც განაცხადეს, რომ დაკავებულები დაკავშირებული არიან უკრაინის სპეცსამსახურებთან და, რომ მალე გამოაქვეყნებენ ზახარჩენკოს მკვლელობაში კიევის მონაწილეობის დამადასტურებელ ფაქტებს.

უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსმა ვასილი გრიცაკმა უარყო ეს ბრალდებები. მისი თქმით, ზახარჩენკოს მკვლელობის მთავარი ვერსიებია: მოწმეების თავიდან მოცილება ან კომერციულ ნიადაგზე გაჩენილი კონფლიქტი სეპარატისტებს შორის. გრიცაკმა განაცხადა, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურს არ აქვს ინფორმაცია დონეცკში უკრაინის დივერსიცული ჯგუფის დაკავების შესახებ და ხაზი გაუსვა იმას, რომ ასეთი ინფორმაცია არც შეიძლება არსებობდეს, რადგანაც, მისი სიტყვებით, არანაირი დივერსიული ჯგუფები დონეცკში არ შეგზავნილა.

ალექსანდრე ზახარჩენკო, რომელიც თავს დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელად მიიჩნევდა, დაიღუპა დონეცკის ერთ-ერთ კაფეში მომხდარი აფეთქების შედეგად. ასევე დაიღუპა მისი დაცვის ერთ წევრი, ხოლო 12 ადამიანი დაიჭრა. პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების ლიდერის დაკრძალვა 2 სექტემბერს გაიმართება. დაკრძალვაზე შესაძლოა ჩავიდნენ ანექსირებული ყირიმის თავკაცი სერგეი აკსიონოვი და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ნატალია პოკლონსკაია.

XS
SM
MD
LG