Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი კიდევ 300 მილიონი დოლარით ამცირებს პაკისტანის დახმარებას

გენერალი ჯოზეფ დანფორდი
გენერალი ჯოზეფ დანფორდი

აშშ-ის სამხედრო უწყების თანახმად, მიღებულია გადაწყვეტილება 300 მილიონი დოლარით შემცირდეს პაკისტანის სამხედრო დახმარება ისლამაბადის მხრიდან ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგ არასათანადო ბრძოლის გამო, - განაცხადა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა კონე ფოლკნერმა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით წლის დასაწყისიდან შეჩერდა ეგრეთწოდებული „კოალიციური მხარდაჭერის ფონდისა“ და სხვა დახმარების დაფინანსება. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ისლამაბადს ადანაშაულებს იმ ექსტრემისტებისათვის თავშესაფრის მიცემისათვის, რომლებიც 17 წლის განმავლობაში აწარმოებენ ბრძოლას ავღანეთის მთავრობის წინააღმდეგ. ტრამპმა წლის დასაწყისში ტვიტერით გამოაქვეყნა საკუთარი მოსაზრება, რომელშიც აშშ-ის მხრიდან გულუბრყვილობა უწოდა პაკისტანისათვის ბოლო 15 წლის განმავლობაში დახმარების სახით 33 მილიარდი დოლარის მიცემას. პოლკოვნიკ კონე ფოლკნერის თანახმად, კონგრესის მხარდაჭერის შემთხვევაში პაკისტანისათვის გათავალისწინებული 300 მილიონი მიმართული იქნება „პენტაგონის სხვა საჭიროებისათვის.“ კონგრესმა თავის მხრივ წლის დასაწყისში 500 მილიონით შეამცირა პაკისტანის სამხედრო დახმარება. პენტაგონის განცხადების ფონია პაკისტანში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს დაგეგმილი ვიზიტი. 5 სექტემბერს პომპეო ისლამაბადში ჩავა აშშ-ის არმიის შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის, გენერალ ჯოზეფ დანფორდის თანხლებით. პენტაგონის ცნობით, ვიზიტის დროს მთავარი ყურადღება გამახვილდება ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.

XS
SM
MD
LG