Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაზილიაში იწვის ქვეყნის უძველესი მუზეუმი


რიო-დე-ჟანეიროში ძლიერმა ხანძარმა მოიცვა ბრაზილიის ეროვნული მუზეუმი, რომელიც ქვეყნის უძველესი სამეცნიერო დაწესებულებაა და 20 მილიონზე მეტ ექსპონატს ინახავს. გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ბრაზილიური გაზეთის, Globo-ს ინფორმაციით, მუზეუმის ექსპოზიცია პრაქტიკულად განადგურებულია. ეროვნული მუზეუმის დირექტორმა მომხდარს უწოდა კულტურული ტრაგედია. ბრაზილიის პრეზიდენტმა, მიშელ ტემერმა ტვიტერზე დაწერა, რომ ბრაზილიელებისთვის სამწუხარო დღე დადგა, რადგან დაკარგულია 200 წლიანი მუშაობა, გამოკვლევები და ცოდნა. ბრაზილიის ეროვნული მუზეუმი, რომლის შენობა პორტუგალიის სამეფო ოჯახის რეზიდენცია იყო, 1818 წელს დააფუძნა პორტუგალიის მეფემ, ჟუან მეექვსემ. მუზეუმში დაცულია როგორც ბრაზილიის და მთლიანად სამხრეთ ამერიკის, ისე ძველი ეგვიპტის, საბერძნეთის და რომის ისტორიასთან დაკავშირებული ექსპონატები, მათ შორის 12 ათასი წლის წინ მცხოვრები ქალის ჩონჩხი, რომელიც უძველესია ამერიკის კონტინენტზე დღემდე აღმოჩენილ, ადამიანის ჩონჩხებს შორის.

XS
SM
MD
LG