Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიაფორუმის ორგანიზატორებმა უარი თქვეს თბილისში დაგეგმილი პირველი ღონისძიების ჩატარებაზე


პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საგრანტო ფონდის მიერ დაფინანსებული ორდღიანი მედიაფორუმის ფარგლებში, 4 სექტემბერს დაგეგმილი პირველი ღონისძიება აღარ ჩატარდა, ფორუმის მონაწილე რუსეთის დელეგაციის სამი წევრის გაძევების გამო. დღევანდელი ინტერაქტიული პანელი უნდა ჩატარებულიყო თემაზე "პირველი დემოკრატიული რესპუბლიკების 100 წლისთავი: პოლიტიკური გამოცდილება და გაკვეთილები".

"საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის დარღვევისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „იტარტასის“ სამხედრო კორესპონდენტ ვიქტორ ლიტოვკინს, საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტ გენადი ბორდიუგოვსა და НТВ-ს ჟურნალისტ ალექსანდრ ტოკარევს.

თბილისში ჩამოსულმა ფორუმის ერთ-ერთმა მონაწილემ ერევნიდან (სომხეთი), პოლიტიკურმა მიმომხილველმა აიკ ავეტიანმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ასეთ მედიაფორუმებში სხვა დროსაც მიუღია მონაწილეობა თბილისში და ის კარგი მოედანია ქართველ, აზერბაიჯანელ და რუს კოლეგებთან ურთიერთობის დასამყარებლად.

მისივე თქმით, ინციდენტის მიუხედავად, ფორუმი იმუშავებს და 5 სექტემბერს დაიწყება დღის წესრიგის მიხედვით. თბილისში დაგეგმილ ფორუმში, რომელიც 7 სექტემბერს დასრულდება, მონაწილეობენ რუსეთის სახელმწიფო არხებისა და ამავე ქვეყნის სხვა პროპაგანდისტული მედიასაშუალებების რეპორტიორები და პოლიტიკური მიმომხილველები, ასევე რუსეთის საინფორმაციო პოლიტიკასთან აფილირებული ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლები. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთისა და აზერბაიჯანის ჟურნალისტური დელეგაციები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG