Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა სარალიძე საპროტესტო აქციებს განაახლებს


ზაზა სარალიძე
ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აპირებს 10 სექტემბრიდან განაახლოს საპროტესტო აქციები. სარალიძემ გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ. "კომისიის მსვლელობის მადლობელი ვარ, რადგან საზოგადოებამ ნათლად დაინახა, ვინ რა დარღვევები ჩაიდინა, ვინ არის მკვლელი და ვინ ვის აფარებს ხელს. ამ გამოძიებას გააგრძელებს სხვა ხელისუფლება, რადგან მმართველი გუნდი მფარველობს ჩემი შვილის მკვლელებს და ამ გამოძიებას“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. სარალიძის ინფორმაციით, 10 სექტემბრიდან დაიწყება აქციები და კონკრეტული მოთხოვნები ამ აქციებზე გამოცხადდება.

2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ მუშაობა 5 სექტემბერს დაასრულა. კომისიაში უმრავლესობით მყოფი „ევროპული საქართველოს წევრების დასკვნის პროექტს მხარი დაუჭირა კომისიის 9 წევრმა 4-ის წინააღმდეგ. საკუთარი პროექტი მოამზადეს „ქართული ოცნების“ წევრებმა. მათ დასკვნას მხარი დაუჭირა კომისიის 4-მა წევრმა, 9 კი წინააღმდეგი იყო. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მხარდაჭერილი დასკვნა ბიუროს წარედგინება. „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ პროექტში, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა საუბარია მკვლელობაში მონაწილეობის გამო სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მ.კ-ს წინააღმდეგ და ხარვეზიანი გამოძიების გამო ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის და შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების, გიორგი გახარიას და თეა წულუკიანის პასუხისმგებლობის საკითხის დასმაზე. „ქართული ოცნების“ წევრები მიიჩნევენ, რომ მიუხედავად გამოვლენილი ხარვეზებისა, არ ფიქსირდება სამოხელეო დანაშაული და შესაბამისად, კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივი დევნის აუცილებლობის საკითხი არ დგას.

XS
SM
MD
LG