Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დაკავებული რუსი ჰაკერი ნიუ-იორკში წარსდგება სასამართლოს წინაშე


საქართველოში დაკავებული 35 წლის რუსი ჰაკერი ანდრეი ტიურინი, რომელსაც ბრალი ედება "JP მორგან ჩეიზსა" და ათეულობით სხვა ამერიკულ ფინანსურ დაწესებულებაზე ორგანიზებულ კიბერშეტევაში, 7 სექტემბერს იქნა ექსტრადირებული ნიუ-იორკში. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის საიდუმლო სამსახური ავრცელებს.

მანჰეტენის პროკურორის თქმით "ანდრეი ტიურინი ეჭვმიტანილია გლობალურ ჰაკერულ შეტევაში მონაწილეობაში, რომლის სამიზნეც იყო მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტები, საბროკერო ფირმები, საინფორმაციო სააგენტოები და სხვა კომპანიები."

კიბერდანაშაული, რომელშიც ტიურინს ედება ბრალი, აშშ-ის ფინანსური ინსტიტუტების ისტორიაში უპრეცედენტოდ მასშტაბურია. დანაშაულის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი, რომელთა პირად ინფორმაციაზეც ჰაკერს მიუწვდებოდა ხელი, 80 მილიონს აღწევს. ფინანსურ კომპანიებზე შეტევა მან განახორციელა ისრაელის მოქალაქე გერი შალომთან ერთად, რომელიც 2015 წელს დააკავეს სამშობლოში, 2016 წელს კი ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცეს.

აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურები ცდილობდნენ ტიურინის გადაბირებას და ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთები ფედერალური გამოძიების სააგენტოს გადაეცა.

ტიურინის დაკავებას წინ უძღოდა რამდენიმეწლიანი გამოძიება და დევნა. რუსი ჰაკერი 25 სექტემბერს წარსდგება ამერიკული სასამართლოს წინაშე. დაკავებული ამ დროისთვის ბრალს არ აღიარებს.

XS
SM
MD
LG