საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ერევანში შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს. მან ბახტაძეს მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ სომხეთში დღევანდელი ოფიციალური ვიზიტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ და ნიკოლ ფაშინიანმა ისაუბრეს საქართველო-სომხეთის კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობაზე. პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ნაბიჯებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნის ტრანსფორმაციას და ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა გაგრძელდა საქართველოს და სომხეთის სამთავრობო დელეგაციების მოლაპარაკებით, რომლის დღის წესრიგში იყო თანამშრომლობის განვითარება ვაჭრობის, ეკონომიკის, ტურიზმის და ენერგეტიკის სფეროებში. ამ შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი და "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელი დავით ფერაძე.