Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოითხოვს "იბერიის" შესახებ გავრცელებული ჩანაწერების გამოძიებას


"იბერიის" თანამშრომელთა აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან. თბილისი, 2018 წლის 10 სექტემბერი
"იბერიის" თანამშრომელთა აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან. თბილისი, 2018 წლის 10 სექტემბერი

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „იბერიის“ გარშემო შექმნილი ვითარება მიუთითებს ქვეყანაში არაჯანსაღი მედიაგარემოს ნიშნებზე. „ტელეკომპანიის ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მათ არხზე ხორციელდება ხელისუფლების ზეწოლა დამფინანსებელი კომპანიისთვის პრობლემების შექმნით. გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერები, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, ამიტომ ქარტია მნიშვნელოვანად მიიჩნევს, გავრცელებული ჩანაწერების შესწავლის მიზნით დაიწყოს გამოძიება, რათა დადგინდეს, აქვს თუ არა კავშირი ხელისუფლებას ამ საუბრების შინაარსთან და მასში მონაწილე პირებთან“ - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში. ჟურნალისტთა დამოუკიდებელი გაერთიანება მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უწყებებმა ტელეკომპანიასთან და მის მთავარ დამფინანსებელთან დაკავშირებით მოლაპარაკებები და სხვა ქმედებები უნდა წარმართონ გამჭვირვალედ და საზოგადოებას მიაწოდონ სრული ინფორმაცია. „რამდენიმე დღეა “იბერია” საგანგებო რეჟიმში მაუწყებლობს და წლის განმავლობაში უკვე მეორედ ჟურნალისტები აცხადებენ, რომ არ იციან გააგრძელებენ თუ არა მუშაობას. შექმნილი ვითარება ქვეყანაში არაჯანსაღი მედიაგარემოს ნიშნებზე მიუთითებს, რაც პირველ რიგში აზიანებს საზოგადოების ინტერესს, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც მოქალაქეები მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში იმყოფებიან” - აცხადებს ქარტია. ჟურნალსიტური გაერთიანება ტელეკომპანიის დამფუძნებლებს და მთავრობას მოუწოდებს, მათ შორის წარმოქმნილ გაუგებრობაში არ მოხდეს ჟურნალისტთა გამოყენება და „იბერიის“ თანამშრომლების უფლებების შელახვა.

ბოლო დღეებში ტელეკომპანიიებმა "იბერიამ" და "რუსთავი 2"-მა გაავრცელა სავარაუდოდ, სპორტის და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის და „იბერიის“ მფლობელი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის საუბრის ჩანაწერები, სადაც სავარაუდოდ, ყიფიანი ლაპარაკობს ტელეკომპანიის დათმობაზე და იმაზე, რომ „ომეგა ჯგუფის“ პრობლემებს ორ მილიონად მოაგვარებს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი.

„იბერიის“ თანამშრომლები ხელისუფლებას ადანაშაულებენ „ომეგა ჯგუფისთვის“ ფინანსური პრობლემების შექმნის გზით ტელეკომპანიის ხელში ჩაგდების მცდელობაში. 10 აგვისტოს, „იბერიის“ თანამშრომლებმა თბილისში გამართეს საპროტესტო აქციები და რამდენიმე საათით შეაჩერეს არხის მაუწყებლობა. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა 10 აგვისტოს განაცხადა, რომ „ომეგა ჯგუფი“ მედიასაშუალებას შანტაჟის იარაღად იყენებს და ამ გზით ცდილობს თავი აარიდოს გადასახადების გადახდას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG