Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: მარიხუანის კულტივაციის რეგულაცია უნდა იყოს მკაცრი და ეფექტიანი


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანის კულტივაციის საკითხს პარლამენტთან ერთად განიხილავენ. გახარიას თქმით, კულტივაციას სჭირდება მკაცრი და ეფექტიანი რეგულაციები. „ერთი მხრივ, გვაქვს ის რეალობა, რომელსაც გვიქმნის საკონსტიტუციო სასამართლო, მეორე მხრივ, ჩაკეტილ სივრცეში არ ვცხოვრობთ, ვცხოვრობთ ღია სამყაროში, სადაც გარკვეული სულისკვეთებები იგრძნობა“ - განაცხადა გახარიამ. მისი თქმით სამედიცინო მიზნით მარიხუანის კულტივაცია ლეგალურია დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, გერმანიაში, კანადაში, ჩეხეთში, პოლონეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში, ზოგიერთმა კი სრული დეკრიმინალიზაცია მოახდინა არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ რეკრეაციული თვალსაზრისითაც. შინაგან საქმეთა მინისტრმა მაგალითად მოიყვანა კანადა, რომელმაც სრული ლიბერალიზაცია განახორციელა ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე. გახარიას განცხადებით, მეზობელ ქვეყნებში, განსაკუთრებით ევროპაში არსებულ ამ სულისკვეთებას გარკვეული ზემოქმედება აქვს საქართველოზეც.

„როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ შსს-ს შეუძლია ეფექტურად განახორციელოს კონტროლი არა მხოლოდ მოხმარებაზე, არამედ კულტივაციაზეც და მეორე მხრივ, გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემები მძიმე ნარკორტიკების მოხმარებაში, რომლის გადაჭრაშიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა ეკონომიკური ხასიათის პრობლემები, ის მოძრაობა, რომელიც დღეს არის ევროპაში, გვაძლევს საშუალებას მკაცრად დავარეგულიროთ და მკაცრი რეგულირების ფარგლებში სამედიცინო მიზნებისთვის კულტივაციის საკითხი განვიხილოთ, რა თქმა უნდა, პარლამენტთან ერთად. ჩვენ აქ ვხედავთ შესაძლებლობას, რომელიც მოგვცემს საშუალებას მძიმე ნარკოტიკების კონტექსტში დავუბრუნდეთ რეგულაციების ეფექტურობის ამაღლებასაც“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით: „არც მოხმარების მომენტი იმ საკანონმდებლო ჩარჩოში რომელიც ჩვენ წარვადგინეთ და არც ეფექტური კონტროლის პირობებში სამედიცინო მიზნით კულტივაცია არ ეწინააღმდეგება შსს-ს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მკაცრ პოლიტიკას. პირიქით, კონკრეტულ, გარკვეულ შემთხვევაში მოგვეხმარება, თუ რესურსულად შევძლებთ სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას.“ გიორგი გახარიას შეფასებით, მკაცრი და ეფექტიანი რეგლამენტაციისა და კონტროლის შემთხვევაში, სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაცია არ შექმნის დამატებით რისკებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების წახალისებისთვის. "ჩვენ ვამბობთ, რომ ეფექტური კონტროლის განხორციელებას შევძლებთ" - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG