Accessibility links

ვანო მერაბიშვილის მდგომარეობა დამძიმდა


ვანო მერაბიშვილი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, კვლავ დამძიმდა ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. „ცოტა ხნის წინ ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ე.წ. მატროსოვის ციხიდან ნიუჰოსპიტალში ბადრაგის თანხლებით გადაიყვანეს. მერაბიშვილი სამედიცინო დაწესებულების ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს. ბოლო დროს ეს მერაბიშვილის ჯანმრთელობის დამძიმების და ჰოსპიტალიზების მესამე შემთხვევაა. ერთი თვის წინ, მსგავსი ფაქტის შემდეგ, მას მკურნალობის კურსი დაენიშნა, თუმცა როგორც ჩანს, ეს მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კვლავ სასუნთქი გზების პრობლემებით არის ჰოსპიტალიზებული“, - იუწყება ტელეკომპანია, რომელიც თავის საიტზე ასევე აქვეყნებს ვანო მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის კომენტარს: "შედეგი არ გამოიღო ამ პერიოდში მკურნალობამ. ორ თვეზე მეტია უკვე მიმდინარეობს. შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვეთ, რომ მომხდარიყო მისი ხელახლა გამოკვლევა, რაზეც დაგვთანხმდნენ და მოხდა მისი გადაყვანა. ამავდროულად, მიწერილი გვაქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებისთვის, რომ გვაცნობონ წინა შემთხვევებში, როდესაც მოხდა მისი გაყვანა გამოკვლევის მიზნით, რა დიაგნოზი იქნა დასმული. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ პასუხი არ მიგვიღია. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს დღეებში ისინი მოგვაწვდიან ამ ინფორმაციას. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის კვლავ ცუდად არის. არანაირი შედეგი არ ჰქონია ამ ორთვიან მკურნალობას. ბუნებრივია, გვაქვს განცდა, რომ არ მოხდა ჯეროვნად მისი გამოკვლევა. ან არასწორი დიაგნოზირება იყო თავის დროზე გაკეთებული.“

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG