ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა სტრასბურგში გამართულ სხდომაზე განიხილა საკითხი „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში." ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წამომადგენელმა, ირაკლი გივიაშვილმა ისაუბრა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევით საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე, რომელსაც შედეგად მოჰყვა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის განდევნა. გივიაშვილის განცხადებით, ომიდან ათი წლის შემდეგაც რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, განაგრძობს აგრესიას, ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციას, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვას და ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეშად ხელყოფას და ხელს უშლის ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო ორგანიზაციების შეღწევას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებს.
ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელით გაკეთდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება, რომელსაც შეუერთდნენ ალბანეთი, ანდორა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მონტენეგრო, მონაკო, მოლდავეთი, ნორვეგია, უკრაინა, სან-მარინო და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია. განცხადებაში გამოხატულია სრული მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ევროკავშირის სახელმწიფოები მოუწოდებენ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მათ შორის თავისი სამხედრო ძალები გაიყვანოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ევროკავშირი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს გამყოფ ხაზებზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის გაძლიერების და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების, მათ შორის თავისუფლად გადაადგილების, საკუთრების და განათლების მშობლიურ ენაზე მიღების უფლებების უხეში დარღვევების გამო. ევროკავშირის ქვეყნებმა მოითხოვეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმის სათანადოდ გამოძიება და გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულება.
გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე სტრასბურგში იმსჯელეს