Accessibility links

ერგნეთის შეხვედრა ჩაიშალა


ერგნეთი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების დღევანდელი, 89-ე შეხვედრა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ერგნეთის სხდომის დატოვებამდე ოსურმა მხარემ მოითხოვა დღის წესრიგიდან ამოეღოთ დავით ბაშარულის და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხი. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხების დღის წესრიგიდან მოხსნა და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში ულტიმატუმის ენით საუბარი, რადგან მსგავსი მოთხოვნები ეწინააღმდეგება ამ მექანიზმის ფუნდამენტურ პრინციპებს.

განცხადება გაავრცელა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამაც. მისი ინფორმაციით, შეხვედრის დაწყებისას გამოითქვა სხვადასხვა აზრი წინასწარი დღის წესრიგის შესახებ და მონაწილეებმა განხილვის გაგრძელება ვეღარ შეძლეს. თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირიდან და ეუთდან წუხილი გამოთქვეს იმის გამო, რომ დღის წესრიგის პუნქტების განხილვა შეუძლებელი აღმოჩნდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ ძალისხმევას გააგრძელებს, რათა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები რაც შეიძლება სწრაფად განახლდეს იმ ვადაში, რომელიც ყველა მონაწილესთან შეთანხმდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG