Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანაფის მოყვანა-ექსპორტის საკითხზე ხელისუფლების წარმომადგენლები პატრიარქს შეხვდნენ


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ სამედიცინო მიზნით კანაფის წარმოება-ექსპორტის საკანონმდებლო ინიციატივის გამო, შეხვდნენ კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და საპატრიარქოს წარმომადგენლებს. კობახიძის ინფორმაციით, შეხვედრა 16 სექტემბერს გაიმართა.

„გვქონდა ძალიან კარგი საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით. პატრიარქი არის არა მხოლოდ ჩვენი სულიერი ლიდერი და ეკლესიის ხელმძღვანელი, არამედ ის არის ბრძენი ადამიანი და აქვს ყოველთვის სწორი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ აუცილებლად მოვუსმენთ როგორც საზოგადოებას, ისე ეკლესიას, პატრიარქს და ამის საფუძველზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, დაიწყება აქტიური კონსულტაციები, რათა კანონპროექტის შინაარსი პირველ ყოვლისა, განემარტოს საზოგადოებას და მან იცოდეს, რომ არასწორია ოპონენტების განცხადებები, რომ თითქოს საუბარია ნარკოტიკების წარმოებასა და რეალიზაციაზე. „საჭიროა კონსულტაციები, რომლის საფუძველზეც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ვერ გეტყვით ზუსტად რა დრო დასჭირდება ამ კონსულტაციებს. მთავარია, რომ ჩვენ მივიღოთ შეჯერებული გადაწყვეტილება, რამდენი დროც დაგვჭირდება, იმდენს მოვანდომებთ“ - უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტმა სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-ექსპორტის შესახებ მთავრობის საკანონმდებლო ინციატივის განხილვა გაურკვეველი დროით გადადო მართლამდიდებელი ეკლესიის პროტესტის შემდეგ. ამ ინიციატივას საზოგადოების ნაწილი და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც აპროტესტებენ.

XS
SM
MD
LG