Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა საქართველო დაადანაშაულა ერგნეთის შეხვედრების პოლიტიზებაში


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „სერიოზული შეშფოთება“ გამოთქვა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 89-ე შეხვედრის ჩაშლის გამო. სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას სახელით დღეს გამოქვეყნებული კომენტარით, 14 სექტემბრის შეხვედრის ჩაშლის მიზეზი ის იყო, რომ „მონაწილეთა მიერ წინასწარ შეთანხმებულ დღის წესრიგში თბილისის მოთხოვნით შეიტანეს სამხრეთოსური მხარისთვის მიუღებელი პოლიტიზებული პუნქტები.“ ზახაროვას განცხადებითვე, გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ საქართველომ ინტერპოლით საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა „სამხრეთ ოსეთის ორ მოქალაქეზე“ და „ამ ყველაფერმა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დელეგაცია აიძულა, შეხვედრა დაეტოვებინა.“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ უფრო ადრე „ქართული მხარის კონფრონტაციულმა მოქმედებებმა გამოიწვია ანალოგიური მექანიზმის მუშაობის შეჩერება საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე.“ ზახაროვას განცხადებითვე, თბილისის კურსი, რომელიც მიმართულია ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის პოლიტიზებისკენ, ქმნის „სასაზღვრო რაიონებში უსაფრთხოების საკითხების პრაქტიკული გადაწყვეტისთვის შექმნილი ამ სასარგებლო ფორმატის დაბლოკვის საფრთხეს.“ ამასთან, ზახაროვა აღნიშნავს, რომ ცხინვალი უარს არ ამბობს შემდგომ მონაწილეობაზე ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, „გამოიჩინონ საჭირო პრინციპულობა და ხელი შეუწყონ მექანიზმის მუშაობის დაბრუნებას ნორმალურ კალაპოტში.“

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 14 სექტემბერს, პროტესტის ნიშნად დატოვეს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების 89-ე სხდომა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ერგნეთის შეხვედრის დატოვებამდე ოსურმა მხარემ მოითხოვა დღის წესრიგიდან ამოეღოთ დავით ბაშარულის და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხი. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხების დღის წესრიგიდან მოხსნა და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში ულტიმატუმის ენით საუბარი, რადგან მსგავსი მოთხოვნები ეწინააღმდეგება ამ მექანიზმის ფუნდამენტურ პრინციპებს.

ერთი დღით ადრე, 13 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მის მიერ ივლისში გაგზავნილი მასალების საფუძველზე, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა ქართველი სამართალდამცავების მიერ ძებნილი დავით გურწიევის და ალიკ ტაბოევის მიმართ. დე ფაქტო რესპუბლიკის "პროკურატურის" და "უშიშროების კომიტეტის" თანამშრომლებს, გურწიევს და ტაბოევს ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებებში არჩილ ტატუნაშვილის წამება და არჩილ ტატუნაშვილისთვის, იოსებ პავლიაშვილისა და ლევან ქუტაშვილისთვის დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG