Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანაფის კულტივაცია-ექსპორტის დაკანონების კანონპროექტი შესაძლოა, პარლამენტიდან გაიწვიონ


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პარლამენტიდან გაწვეული იქნება შსს-ს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-ექსპორტს.

“ქართულ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია კანონპროექტმა, რომელიც ეხება მცენარე კანაფის კულტივაციას, გადამუშავებასა და ექსპორტს სამედიცინო და კოსმეტიკური საშუალებების წარმოების მიზნებისათვის. კანონპროექტს გამოეხმაურა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომლის მთავარი ღირებულებაა ადამიანი და მისი ღირსების დაცვა, რომლის პრინციპებია ხალხის ინტერესების შესაბამისად მოქმედება და ეკლესიისა და პატრიარქის განსაკუთრებული პატივისცემა. ჩვენ ვუსმენთ საზოგადოებას და ეკლესიას. სწორედ ამ ღირებულებებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტში ზემოაღნიშნული კანონპროექტის განხილვის შეჩერების თაობაზე. მიგვაჩნია, რომ ჩვენ პირნათელი ვართ ქართული საზოგადოებისა და ეკლესიის წინაშე, რადგან წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალებების წარმოებასა და რეალიზებას. თუმცა, თუ არსებობს საფრთხე იმისა, რომ ამ კანონპროექტმა ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური მიმოქცევა შეიძლება წაახალისოს, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას კანონპროექტის გამოწვევის თაობაზე“ - ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, „საზოგადოების ვნებათაღელვით ბოროტად ისარგებლეს გარკვეულმა ძალებმა, რომელთა მთავარი ნიშან-თვისებები სწორედ ადამიანის ღირსების უგულვებელყოფა და მისი შელახვის მცდელობა, ქვეყანასთან, ხალხთან და საზოგადოებასთან დაპირისპირება, ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა.“ ირაკლი კობახიძე საზოგადოებას მოუწოდებს, ნურავის მისცემენ ვნებათაღელვის თავის სასარგებლოდ, ბოროტად გამოყენების საშუალებას. „გამოვხატავთ უდიდეს პატივისცემას უწმინდესისა და უნეტარესის მიმართ, რომლის თითოეული ნაბიჯი და განცხადება გამსჭვალულია სიბრძნით და რომელიც ყოველთვის მიმართულია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების დაცვისკენ. მოვუწოდებთ ყველას, როგორც ჩვენს თანაგუნდელებს, ისე საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ამ საკითხზე საჯარო სივრცეში ემოციური პოლემიკის გაგრძელებისაგან“ - ნათქვამია კობახიძის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG