საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები არ ეთანხმებიან „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანის შესახებ. საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის, „ევროპული საქართველოს“ წევრის, ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ ქუთაისი აღარ იყოს საპარლამენტო ქალაქი. გოგორიშვილის შეფასებით, ქუთაისი დაკარგავს არა მხოლოდ სტატუსს, არამედ დამატებით სამუშაო ადგილებს და შემოსავალს, რადგან ქალაქში აღარ ჩავლენ პარლამენტის წევრები და ასობით თანამშრომელი. „ჩვენ კარგად გვახსოვს ყოფილი პრემიერ-მინისტრის კვირიკაშვილის დაპირება, რომ სანამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არ გაიხსნებოდა ქუთაისში, პარლამენტის გადატანის საკითხიც არ დაიძვრებოდა, მაგრამ, როგორც გიორგი კვირიკაშვილი ჩაბარდა პოლიტიკურ წარსულს, ასევე ჩაბარდა მისი დაპირებებიც” - განუცხადა ჟურნალისტებს ხათუნა გოგრიშვილმა.
საპარლამენტო ფრაქციის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამდაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლიდან შეაჩერა დეცენტრალიზაციის პროცესი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო პარლამენტის თბილისიდან ქუთაისში გადატანით. „ამას უნდა მოჰყოლოდა მთელი რიგი უწყებების გადატანა ქუთაისში და ამის ნაცვლად, რეალურად პარლამენტიც არ არის ბოლომდე გადმოსული. ქუთაისში ახალი სამუშაო ადგილები ვერ იქმნება და რა თქმა უნდა, ის რომ ჩვენ აღარ ჩამოვალთ ორ კვირაში ერთხელაც კი, შესაბამის ზეგავლენას მოახდენს მათზე, ვინც დაკავშირებულია პარლამენტის საქმიანობასთან“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.