საქართველოს პარლამენტმა პარასკევს მიიღო მმართველი საპარლამენტო კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული საოდაოდქცეული დადგენილება ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 73 დეპუტატმა, ერთი იყო - წინააღმდეგი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია საპარლამენტო ოპოზიციას. „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი კენჭისყრამდე დატოვეს. „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული დადგენილების მიხედვით, რაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის ერთგვარი ალტერნატივაა, პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ “უნდა გამოკვეთონ მ.კ.-ს როლი დავით სარალიძის მკვლელობისა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით". 2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ მუშაობა 5 სექტემბერს დაასრულა. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ კომისიამ ნათელი მოფინა ყველა კითხვას, რომელიც ამ მკვლელობებთან დაკავშირებით იყო. მმართველი პარტიის დეპუტატები "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებს პოპულიზმში დებენ ბრალს და აცხადებენ, რომ სამთვიანი მუშაობის განმავლობაში მათი ხელმძღვანელობით მოქმედმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ვერ აღმოაჩინა ახალი გარემოება გახმაურებული საქმის გარშემო.