Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა "პალიტრა მედიისგან" ითხოვს ფინანსურ დოკუმენტებს


ჰოლდინგი „პალიტრა მედია“ აცხადებს, რომ მისთვის უცნობი საქმის გამოძიების მოტივით, მთავარი პროკურატურის გამომძიებლები შევიდნენ „პალიტრა მედიის“ სტამბაში და სასამართლოს განჩინებით მოითხოვეს “სრული სამართლებრივი, საბუღალტრო, ფინანსური და ეკონომიკური დოკუმენტაცია (დედანი) და საწარმოს ამავე პერიოდის კორესპონდენცია (დედანი)” 2014 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის გაუგებარია, რას ემსახურება და რა აუცილებლობით არის განპირობებული კომპანიიდან დოკუმენტაციის ძირფესვიანად ამოღება და მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს უფლება განჩინება გავასაჩივროთ სააპელაციო სასამართლოში, გადავწყვიტეთ გასაჩივრების და გართულების გარეშე გადავცეთ პროკურატურას მოთხოვნილი მონაცემები, ვინაიდან როგორც წლების წინ, წინა ხელისუფლების პერიოდში 2011 წელს, “პალიტრა მედიას” ტოტალური შემოწმებისას ვიყავით დარწმუნებული ჩვენი საქმიანობის გამჭვირვალობაში, რაც მაშინ, შემოწმების შედეგებმაც დაადასტურა, ახლაც ზუსტად ისევე ვართ საკუთარი ქმედებების კანონიერებასა და გამჭვირვალობაში დარწმუნებული” - ნათქვამია „პალიტრა მედიის“ განცხადებაში. ჰოლდინგი აღნიშნავს, რომ პროკურატურას ყველა დოკუმენტის დედანი გადაეცემა მხოლოდ მას შემდეგ, რაც უახლოეს დღეებში გაკეთდება ასლები და მოხდება თითოეულის ნოტარიული დამოწმება. “პალიტრა მედია” აცხადებს, რომ ყურადღებით დააკვირდება პროცესს და საზოგადოებას მაქსიმალურად სრულად და გამჭვირვალედ აცნობებს საქმის განვითარების ყველა ახალ დეტალს.

"პალიტრა მედია’" აერთიანებს 3 ყოველკვირეულ გაზეთს, 3 ყოველკვირეულ ჟურნალს, 8 პერიოდულ ჟურნალს, 20-ზე მეტ ინტერნეტპორტალს, რადიოს, ტელევიზიას, საინფორმაციო სააგენტოსა და ლიტერატურის საგამომცემლო სახლს.

XS
SM
MD
LG