გაეროს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ კაცობრიობა იტანჯება ნდობის დეფიციტით გამოწვეული უთანხმოებით, რაც ძირს უთხრის მსოფლიო წესრიგს. ანტონიო გუტერეშმა 25 სექტემბერს, სამშაბათს მისასალმებელი სიტყვით გახსნა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სხდომა, რომელზეც მთელი კვირის განმავლობაში მოხსენებებს გააკეთებენ გაეროს წევრი ქვეყნების ლიდერები. „ხელისუფლებების დამოკიდებულება სიცხადეს მოკლებულია, საერთო-საკაცობრიო ფასეულობებს ჩამოშლა ემუქრება. დემოკრატიული პრინციპები ალყაშია მოქცეული და საფუძველი ეცლება კანონის უზენაესობას“, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.