Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიამ საფრთხედ გამოაცხადა რუსი მილიარდერი აბრამოვიჩი


რომან აბრამოვიჩი
რომან აბრამოვიჩი

შვეიცარიის მთავრობამ რუს მილიარდერს, რომან აბრამოვიჩს უარი უთხრა ბინადრობის უფლებაზე. შვეიცარიული გაზეთის, „თაგეს ანცაიგერის“ ინფორმაციით, ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ შვეიცარიაში აბრამოვიჩის ცხოვრება საფრთხეს შეუქმნიდა ქვეყნის რეპუტაციას და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. გაზეთის ინფორმაციით, რომან აბრამოვიჩმა შვეიცარიაში ბინადრობის უფლება 2017 წლის ნოემბერში ითხოვა, რის შემდეგაც მიგრაციის სამსახურმა ფედერალურ პოლიციას მიმართა მისი პოზიციის გასარკვევად. „თაგეს ანცაიგერის“ ინფორმაციით, ფედერალურმა პოლიციამ მიგრაციის სამსახურს უპასუხა, რომ აბრამოვიჩი ეჭვმიტანილია ფულის გათეთრებასა და კრიმინალურ სტრუქტურებთან კავშირში, შვეიცარიაში მისი აქტივები კი შესაძლოა, ნაწილობრივ არალეგალური წარმომავლობის იყოს. რომან აბრამოვიჩის ადვოკატებმა ამ ვერსიებს სიცრუე უწოდეს და განაცხადეს, რომ სასამართლოში იჩივლებენ. „თაგეს ანცაიგერმა“ სტატია მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც აბრამოვიჩმა სასამართლო დავა წააგო მედიაჰოლდინგთან, „ტამედიასთან.“ რუსი მილიარდერი ცდილობდა სასამართლოს გზით არ დაეშვა ბინადრობის უფლებაზე უარის მიზეზების შესახებ პრესით ინფორმაციის გავრცელება.

რამდენიმე თვის წინ, რომან აბრამოვიჩს, რომელიც ინგლისური საფეხბურთო კლუბის, „ჩელსის“ მფლობელია, დიდმა ბრიტანეთმა უარი უთხრა გრძელვადიანი ვიზის გაგრძელებაზე. ამის შემდეგ, აბრამოვიჩმა მიიღო ისრაელის მოქალაქეობა, რაც დიდ ბრიტანეთში ნახევარი წლით უვიზოდ ყოფნის უფლებას აძლევს, თუმცა, ეკრძალება მუშაობა, მათ შორის „ჩელსის“ მართვა. ლონდონმა რომან აბრამოვიჩს ვიზის გაგრძელებაზე უარი მას შემდეგ უთხრა, რაც ბრძოლა გამოუცხადა რუსული „ბინძური ფულის გათეთრებას.“ ამას წინ უძღოდა ქალაქ სოლსბერიში რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლა, რაშიც დიდი ბრიტანეთი რუსეთს ადანაშაულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG