აშშ-მა მწვავედ გააკრიტიკა ევროკავშირი იმ გეგმის გამო, რომელიც მიზნად ისახავს ირანის დახმარებას აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შედეგის თავიდან აცილებაში, ევროპულ ქვეყნებთან ირანის ვაჭრობისთვის ალტერნატიული საგადასახადო გზების შემუშავებით. 25 სექტემბერს ნიუ-იორკში, პრესკონფერენციაზე გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ თქვა, "შეწუხებული და მართლაც ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი", როცა ერთი დღით ადრე მოვისმინე გეგმის თაობაზე, რომელიც მოჰყვა მაღალი რანგის შეხვედრას ევროპელ და ირანელ დიპლომატებს შორისო. "ეს ერთ-ერთი ყველაზე კონტრპროდუქტიული ზომაა, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება, რეგიონული და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის", განაცხადა პომპეომ და ევროკავშირს ბრალი დასდო "ირანის, როგორც მსოფლიოში ტერორიზმის მხარდამჭერი უმთავრესი სახელმწიფოს" როლის გაძლიერებაში. პომპეომ დასძინა, რომ შეუძლია წარმოიდგინოს როგორ "იცინიან" ირანის "კორუმპირებული აიათოლები", როცა მოისმენენ ინფორმაციას გადახდის სისტემის გეგმის თაობაზე - რომლის დეტალებზეც ევროკავშირში კვლავაც გრძელდება მუშაობა. ეს გეგმა ითვალისწინებს ევროპული ქვეყნების პირობის შესრულებას - რომ ირანთან 2015 წელს გაფორმებული შეთანხმება კვლავ ძალაში დარჩება, მას შემდეგაც, რაც მაისში მას აშშ გამოეთიშა და თეირანს სანქციები აღუდგინა. ევროკავშირი, საფრანგეთი, გერმანია და ბრიტანეთი მუშაობენ ირანთან, რუსეთთან და ჩინეთთან, რათა შენარჩუნდეს ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ირანს ეკონომიკური სანქციები მოეხსნა, ბირთვული მოქმედებების შეზღუდვის სანაცვლოდ.
აშშ მწვავედ აკრიტიკებს ევროპის გეგმას ირანს დაეხმაროს აშშ-ის სანქციების შედეგის აცილებაში

ყველაზე პოპულარული
1