Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგვისტოში საქართველოში იკლო ეკონომიკური ზრდის ტემპმა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, რომელიც 2018 წლის პირველი რვა თვის მონაცემებს ეფუძნება. „საქსტატის“ ინფორმაციით, რვა თვის საშუალო რეალური ზრდა 4,8%-ით განისაზღვრა. ამასთან, აგვისტოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შეადგინა 2%, რაც 2018 წლის დასაწყისიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. პირველ კვარტალში ზრდა 5,3% იყო, მეორე კვარტალში 5,5% და ივლისში 4,6%.

„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განმარტებით, აგვისტოში მთლიანი შიდა პროდუქტის კლება ძირითადად, განაპირობა მშენებლობის და დამამუშავებელი მრეწველობის დარგში ბრუნვის მოცულობის შემცირებამ.

„ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია სამშენებლო პროექტების მოცულობის შემცირება, განსაკუთრებით თბილისში. ასევე, ეს განაპირობა თხილის და ფეროშენადნობების ექსპორტის მოცულობის შემცირებამ. თხილის ექსპორტი შემცირებულია დაახლოებით 9%-ით, ხოლო ფეროშენადნობების ექსპორტის მოცულობა დაახლოებით 12%-ით"- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ. წინასწარი შეფასებით, 2018 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა საფინანსო საქმიანობის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, უძრავი ქონებით ოპერაციების, სასტუმროებისა და რესტორნების დარგებში.

2018 წლის აგვისტოში ექსპორტის მთლიანი მოცულობა დაახლოებით 17%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-აგვისტოში ექსპორტის მაჩვენებელი 27%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება იმპორტს, ეს მაჩვენებელი 8 თვის განმავლობაში 21% -ით გაიზარდა.

XS
SM
MD
LG