Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიცინის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კიბოზე მომუშავე იმუნოლოგებს


მედიცინის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა ორ იმუნოლოგს, ამერიკელ ჯეიმს ელისონსა და იაპონელ ტასუკი ჰონიოს, ახალი მიდგომის შემუშავებისთვის კიბოს მკურნალობის სფეროში. გამარჯვებულები 1 ოქტომბერს სტოკჰოლმში გამოაცხადა კაროლინსკას ინსტიტუტმა და მიზეზად დაასახელა "ნეგატიური იმუნური რეგულაციის დათრგუნვით კიბოს თერაპიის აღმოჩენა". ინსტიტუტის განცხადებით, "წლევანდელი ნობელის პრემია აღნიშნავს გარღვევას კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში. მედიცინის დარგში ორი ლაურეატის აღმოჩენა იყენებს იმუნური სისტემის შესაძლებლობას შეტევა მიიტანოს კიბოს უჯრედებზე, იმუნურ უჯრედებზე მუხრუჭის მოხსნით". ელისონი შეისწავლიდა ცილას, რომელიც იმუნური სისტემის მუხრუჭის ფუნქციას ასრულებს. მან გაიაზრა ამ მუხრუჭის მოხსნის პოტენციალი, რაც ორგანიზმს საშუალებას აძლევს იმუნური უჯრედებით იერიში მიიტანოს სიმსივნეებზე - რაც კიბოს დაავადების მკურნალობის ახალ კონცეფციას წარმოადგენს. ჰონიო ცალკე აწარმოებდა კვლევას და აღმოაჩინა იმუნური უჯრედების ერთ-ერთი ცილა, რომელსაც ასევე შეუძლია მუხრუჭის ფუნქციის შესრულება, მაგრამ განსხვავებული მექანიზმით. მის აღმოჩენაზე დაფუძნებულ თერაპიას კიბოსთან ბრძოლის პროცესში ეფექტი ჰქონდა.

XS
SM
MD
LG