კომპანია „იუკოსის“ ყოფილი მფლობელის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ შექმნილმა ცენტრმა „დოსიემ“ გამოაქვეყნა ახალი მონაცემები რუსეთის სამხედრო დაზვერვის პოლკოვნიკის, ანატოლი ჩეპიგას შესახებ. საგამოძიებო ჯგუფის, Bellingcat-ის ინფორმაციით, სინამდვილეში სწორედ ანატოლი ჩეპიგაა ვინმე რუსლან ბოშიროვი, რომელიც ეჭვმიტანილია დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის, იულიას მოწამვლაში.
„დოსიეს“ მონაცემებით, რუსეთის სამხედრო დაზვერვის სპეცრაზმის მე-14 ბრიგადის მაიორი ჩეპიგა 2009 წელს გადაიყვანეს სამხედრო-დიპლომატიურ აკადემიაში. ცენტრის ინფორმაციით, ჩეპიგამ აკადემიის წარმომადგენელთა ყურადღება მიიპყრო, რადგან სამჯერ იყო ნამყოფი ჩეჩნეთში, ჰქონდა რამდენიმე ჯილდო და ითვლებოდა მორალურად მდგრად ოფიცრად და კარგ მეოჯახედ. „დოსიეს“ მიერ ჩატარებული გამოძიებით, ანატოლი ჩეპიგა ცოლ-შვილთან ერთად სტუდენტად დაარეგისტრირეს მოსკოვში, რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში, 2010 წელს კი ჩეპიგამ მიიღო დუშანბეს მკვიდრის, რუსლან ბოშიროვის სახელზე გაცემული პასპორტი.
„დოსიეს“ მონაცემებით, 2014 წლის თებერვალში ანატოლი ჩეპიგა მონაწილეობდა უკრაინიდან პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ევაკუაციაში, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალებმა ჩაატარეს და ამისთვის მიიღებული აქვს რუსეთის გმირის წოდება. „დოსიეს“ პუბლიკაცია მოიცავს დოკუმენტების ფოტოასლებს და ინფორმაციას რუსეთის სამხედრო დაზვერვის სხვა სავარაუდო თანამშრომლების შესახებაც, რომლებიც მოსკოვში ერთსა და იმავე მისამართზე არიან რეგისტრირებულნი. ამ პუბლიკაციის ავტორმა, ჟურნალისტმა სერგეი კანევმა რუსეთი რამდენიმე დღის წინ დატოვა ხელისუფლებისგან მოსალოდნელი დევნის გამო.
ანატოლი ჩეპიგასთვის რუსეთის გმირის წოდების მინიჭების შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა „ნოვაია გაზეტა.“ მას ჩეპიგას ყოფილმა თანამებრძოლმა სპეცრაზმელმა განუცხადა, რომ ანატოლი ჩეპიგამ გმირის წოდება მიიღო ყირიმის ანექსიის ოპერაციაში მონაწილეობისთვის. თუმცა, წყაროს თქმით, მისთვის უცნობია კონკრეტულად რას აკეთებდა ჩეპიგა ყირიმში.