Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თიბისი ბანკის" ხელმძღვანელები უარყოფენ "ომეგა ჯგუფის" განცხადებებს


„თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელებმა უარყვეს „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხელისუფლების ზეწოლის შედეგად, ბანკმა ყველა პროცედურის დარღვევით იმოქმედა და ბიძინა ივანიშვილის მიერ მოთხოვნილი 4 მილიონი ბანკის დახურვის შემდეგ ჩარიცხა ოფშორულ ზონაში ერთი დღის დაფუძნებული კომპანიის ანგარიშზე.

„ჩვენი პრობლემა, ზოგადად საზოგადოების, არის ტყუილი და ტყუილის ტირაჟირება და მოვუწოდებ ყველას, იყვნენ გულწრფელები და თავისი პრობლემები არ გადაიტანონ სხვაზე“ - განუცხადა ჟურნალისტებს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ. მისივე თქმით, უკვე 10 წელია „თიბისი ბანკი“ მუშაობს საღამოს რვა საათამდე და შესაძლებელია ყველა პროცედურის დეტალურად ნახვა. „ბანკი არის სერვისის კომპანია. თუ თქვენ კომპანიას ხსნით თუნდაც 20 წუთით ადრე, გაქვთ ფული და თქვენი დირექტორი აკეთებს მოთხოვნას, ბანკი ვალდებულია რომ გაატანოს თანხა, რა შუაშია ერთი დღის და ათი დღის. თუ რეგისტრირებულია და თუ ყველაფერია ბანკში წარმოდგენილი, ეს არის მთელი ამის ამბავი. ამიტომ, ტყუილს და ცილისწამებას უნდა შევეშვათ ყველა“ - განაცხადა ხაზარაძემ.

დღესვე „ომეგა ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორმა, ლევან აღდგომელაშვილმა განაცხადა, რომ „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელებს, მამუკა ხაზარაძეს და ვახტანგ ბუცხრიკიძეს ურეკავდნენ ოთარ ფარცხალაძე და გიორგი გახარია და ამის გამო, საღამოს ექვს საათზე დაკეტილი იურიდიული მომსახურების ზონიდან პროცედურა გადაიყვანეს ფიზიკური პირების მომსახურების ზონაში. აღდგომელაშვილის განცხადებითვე, ბანკს ევალება, რომ 90 დღის განმავლობაში აწარმოოს მონიტორინგი ახლადგახსნილი კომპანიების ტრანზაქციებზე, თუმცა ორი დღის გახსნილ ფირმას მისცეს ოთხი მილიონის განაღდების საშუალება.

„თიბისი ბანკის“ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ეკა ეგუტიას განმარტებით, კომპანია რომელსაც „ომეგა ჯგუფი ახსენებს გახსნილია არა ოფშორში, არამედ არის ქართული შპს, სათანადოდაა რეგისტრირებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროში და ანაგრიშები გახსნილი აქვს ყველა ნორმის დაცვით. ეგუტიას განცხადებით, ბანკი ანგარიშს არ ხსნის ყველა სათანადო დოკუმენტის შესწავლის გარეშე. მისივე თქმით, არც ვახტანგ ბუცხრიკიძე და არც მამუკა ხაზარაძე ამ ტრანზაქციის შესახებ ინფორმირებულნი არ იყვნენ, რადგან მსგავსი ტრანზაქციები ბანკში ყოველდღე ხორციელდება და მასში არ ერევიან არც გენერალური დირექტორი და არც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG