Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაისად საქართველო უმასპინძლებს ორ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას

საქართველო მომავალ წელს გეგმავს, უმასპინძლოს „ორ ამბიციურ სამხედრო სწავლებას“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ბრიუსელში, სადაც მან მონაწილეობა მიიღო ნატოს თავადაცვის მინისტრების საბჭოს მუშაობაში. „მარტში გაიმართება ნატო-საქართველოს სწავლება, ხოლო მეორე „მტკიცე სულის“ სწავლება ჩატარდება დასავლეთ საქართველოში და მასში მონაწილეობას მიიღებს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებისა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ლევან იზორიამ და დასძინა, რომ ორივე სწავლება წარმოადგენს „განახლებული შეკავების პოლიტიკის“ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს შავი ზღვის უსაფრთხოებისათვის. ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაშივე 3 ოქტომბერს გაიმართა აშშ-ისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა. ლევან იზორიას თქმით, ჯეიმს მატისი მას დაპირდა, რომ ნატოს მინისტერიალს გააცნობს საქართველოს მიერ რეფორმების მხრივ მიღწეულ წარმატებებს და საჯაროდ გაუსვამს ხაზს, რომ საქართველო მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს ხარჯავს ქვეყნის თავდაცვაზე. ანალოგიური ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ბოლო ხანს ძალიან დაიძაბა ურთიერთობა აშშ-სა და ევროპაში მის ნატოელ მოკავშირეებს შორის. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ალიანსის ბოლო სამიტზე ბრიუსელში მოკავშირეებისაგან გადაჭრით მოითხოვა თავდაცვითი ხარჯების გაზრდა. მან გააკრიტიკა გერმანია, რომელიც მოსკოვს „მილიარდ დოლარიან“ პროექტზე, ბუნებრივი აირის „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენის გარშემო ურიგდება და ამ დროს აშშ-სგან მოელის რუსეთისგან დაცვას.

XS
SM
MD
LG