Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი: საქართველო შეუერთდება ალიანსს


„საქართველო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო მოკავშირეა. ჩვენ ძალიან ვაფასებთ მის ბევრ წვლილს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში“ - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართული ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ. „დღეს განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის გაზრდის გზები. ივლისში გამართულ სამიტზე, მოკავშირე ქვეყნების ლიდერებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ საქართველო შეუერთდება ალიანსს. ეს იმეორებს ჩვენს მიერ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ნატოს კარი ღია რჩება.მოკავშირეებმა დღეს ასევე კიდევ ერთხელ გამოხატეს თავიანთი სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ შეწყვიტოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება და თავისი ძალები გაიყვანოს საქართველოს ამ რეგიონებიდან“ - თქვა სტოლტენბერგმა. მან ასევე თქვა, რომ მოკავშირეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები უსაფრთხოების და თავდაცვის ინსტიტუტებში და შეიარაღებული ძალების მოდერნიზების კუთხით. „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი უკვე აძლიერებს ქვეყნის თავდაცვით რეფორმებს, მათ შორის ჩვენი ერთობლივი წვრთნის და შეფასების ცენტრით. საქართველოს მოვუწოდებთ გააგრძელოს რეფორმების გზა“ - თქვა სტოლტენბერგმა. შეხვედრა დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ. თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მინისტრი ამბობს, რომ „ნატოს მხრიდან არსებობს მაქსიმალური მხარდაჭერა და მზაობა თანამშრომლობისდინამიკის გაზრდისთვის“. ამავე წყაროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს მომავალ წელს საქართველოში დაგეგმილ მასშტაბურ ნატო-საქართველოს სწავლებაზე, სადაც ნატოს წევრი და პარტნიორი დაახლოებით 28 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. იზორიას განცხადებით, აღნიშნული გარემოება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით სამაგალითოა.

XS
SM
MD
LG