საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა სამი პირი დააკავეს „სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე.“
არსებული ინფორმაციით, ბრალდებულები ჯერ კიდევ აგვისტოში დააკავეს, თუმცა, ოფიციალური განცხადება დღეს გავრცელდა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის, შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის, შენახვის განყოფილების საბრძოლო მასალის შენახვის სპეციალისტი, გ.გ. დანაშაულებრივ კავშირში იმყოფებოდა ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საავტომობილო ბაზის საშტატო ასეულის მეთაურის მოადგილე ზ.მ-სთან, რომლებიც მოქალაქე ს.ბ.-ს დახმარებით, შეიარაღების და ტექნიკის სარემონტო ბაზიდან მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული საბრძოლო მასალის კონკრეტულად, საბრძოლო ვაზნების რეალიზაციას ახდენდნენ“ - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ბაზერაშვილმა. მისი ინფორმაციით, ბრალდებულების ავტომანქანიდან და სათავსოდან ამოღებულია დიდი რაოდენობით საბრძოლო ვაზნები. სასამართლომ სამივე პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 9-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.