ბათუმში გამართული მსოფლიოს ჭადრაკის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა. როგორც ცნობილია, ფიდეს ახალი პრეზიდენტი გახდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ყოფილი მრჩეველი არკადი დვორკოვიჩი. ფედერაციის განცხადების თანახმად კი, ოლიმპიადის მოხალისეებმა ხანტი-მანსიისკის დელეგაციის მიერ დარიგებულ სასაჩუქრე ჩანთებში აღმოაჩინეს მინიატურული რუკები, რომლებზედაც საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშეა გამოსახული. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას მიუღებლად მიაჩნია მსგავსი ქმედება.
„ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ ყრილობას, სადაც ფიდეს პრეზიდენტი აირჩიეს, ხანტი-მანსიისკის დელეგაციაც ესწრებოდა. ოლიმპიადის მოხალისეებმა მათ მიერ დარიგებულ სასაჩუქრე ჩანთებში სუვენირებთან ერთად აღმოაჩინეს მინიატურული ზომის გასაშლელი რუკა, სადაც საქართველო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშეა. მოხალისეებმა ფაქტი საორგანიზაციო კომიტეტს აცნობეს. საორგანიზაციო კომიტეტმა მყისიერად მიიღო შესაბამისი ზომები, სასაჩუქრე ნაკრებებიდან აღნიშნული რუკის ამოღების მიზნით.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას მიუღებლად მიაჩნია, სპორტულ ღონისძიებაზე პოლიტიკური ელემენტების შემოტანა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვას”.