„ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებული ჩანაწერები, რომლებიც მედიით ცოტა ხნის წინ გავრცელდა, ავთენტური არ არის და დამონტაჟებულია“, - წერია პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც 5 ოქტომბერს გავრცელდა.
საუბარია ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქუაშვილის შორის საუბრის აუდიოჩანაწერზე, რომლის გავრცელების შემდეგ გამოძიებამ საქმე აღძრა სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მუხლით.
პროკურატურის განცხადებით, გავრცელებულ აუდიოჩანაწერში საუბარი შეეხებოდა „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების გავრცელების შესაძლებლობებსა და ზოგადად, კომპანიის შემდგომ საქმიანობას“.
ჩანაწერის ექსპერტიზის შემდეგ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ გასცა ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ისინი არ არის ავთენტური, დამზადებულია მონტაჟის გზით: „ყველა ვიდეოჩანაწერი დამზადებულია წყვეტებით და მათზე მრავლობით აღინიშნება ციფრული და მექანიკური მონტაჟის კვალი“.
ექსპერტიზის დასკვნაში ასევე წერია, რომ „სადავო ფონოგრამებზე აღინიშნება ფონური ხმაურის სიტუაციურად შეუსაბამო ცვლილებები. ლინგვისტური კვლევისას კომუნიკატთა მეტყველებაში მრავლობით აღინიშნება კითხვა-პასუხის შინაარსობრივი შეუსიტყვაობა, არათანმიმდევრულობა, არაბუნებრივი, შეუსაბამო ინტონაციური სურათი, მრავლად ფიქსირდება სიტყვების და ფრაზების წყვეტა“.
პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება.