„ისტორიას ბევრი კაზუსი ახსოვს, მაგრამ ერთდროულად შენ ამბობდე და აპელირებდე სისხლიან 9 წელზე და ამავე დროს ამ კოშმარების განმახორციელებლებს აწინაურებდე, ეს ის ემოციაა, რომელიც მოქალაქეში გაურკვევლობას აღძრავს," - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ადვოკატთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. შეხვედრაზე მან აღნიშნა რომ გაუცრუვდა იმედი, რომ სახელმწიფო და საზოგადოება ტკივილის გადატანით უკეთეს პრეცედენტს შექმნიდა. მისივე შეფასებით, წინსვლა არც ერთი კონცეფციით არ მომხდარა.
„მოხდა ის, რომ ჩვენ ეს ტკივილი და ტრაგედიები გაურკვეველი ფორმით დავაკონსერვეთ. ეს შემაშფოთებელია. თუმცა, ამაზე უფრო შემაშფოთებელია, რომ როდესაც 6 წლის განმავლობაში პოლიტიკურად ეს თემა არის აწეული მაღალ ტემპერატურაზე, მუდმივად გვესმის რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის დიდი ბოროტება, რომელიც ჩვენ ისტორიაში დავტოვეთ და ამავე დროს ამ „ნაციონალური მოძრაობის“ ბოროტებების ჩამდენები კარიერულ წინსვლას განიცდიან.“
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პირადად არავის დევნის მომხრე არ არის, თუმცა საჭიროა დისონანსი დასრულდეს. „რამდენიმე პლეადა შეიცვალა და ახლა უკვე ადეიშვილი-კეზერაშვილის ერთგული თანამშრომლები პოლიტიკური ტრიბუნებიდან თითს უქნევენ და აშინებენ საზოგადოებას, რაც იყო „ნაციონალური მოძრაობის დროს. ეს დისონანსი უნდა იქნას გადაძლეული. მე არასდროს არ ვყოფილვარ რაიმე სახის დევნის მომხრე. მაგრამ ასეთი პოლიტიკური დისონანსის შექმნა, ჩემთვის გაუგებარია თუ რას ვემსახურებით ამ შემთხვევაში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ეს განცხადებები “ უახლოეს წარსულში სისხლის სამართლებრივ დევნას და მსჯავრდებას დაქვემდებარებულ ადვოკატთა რეაბილიტაციის კომისიის“ საქმიანობის შედეგების პრეზენტაციაზე გააკეთა.