Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაბიბ ნურმაგომედოვმა კონორ მაკგრეგორი დაამარცხა და ჩხუბი დარბაზში გააგრძელა


ხაბიბ ნურმაგომედოვი
ხაბიბ ნურმაგომედოვი

UFC-ში მსუბუქ წონაში ჩემპიონობისთვის ბრძოლა გუნდური ჩხუბით დასრულდა. 7 ოქტომბერს აშშ-ის ქალაქ ლას-ვეგასში გამართული ხუთშეხვედრიანი სანახაობის დასკვნით ნაწილში რუსი ხაბიბ ნურმაგომედოვი და ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. ნურმაგომედოვმა მეტოქე მეოთხე რაუნდში დაამარცხა მახრჩობელა ილეთით. შემდეგ კი ვიდრე გამარჯვებულად ოფიციალურად გამოაცხადებდნენ, საბრძოლო არენის ღობეზე გადაძვრა და მაკგრეგორის გუნდის წევრებს დაერია. პარალელურად, ხაბიბის გუნდელები რინგზე შეიჭრნენ და კონორ მაკგრეგორს დაუშინეს მუშტები.

ირლანდიელმა მალევე დატოვა დარბაზი დაცვის თანხლებით. დაღესტნელი კი ამაოდ ითხოვდა ჩემპიონის ქამრის გადაცემას. წესების გარეშე ბრძოლის ტურნირების ხელმძღვანელებმა ნურმაგომედოვს უთხრეს, რომ დაჯილდოების ცერემონია მისი არასპორტული საქციელის გამო აღარ გაიმართებოდა და გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც თავად გამარჯვებულმაც მიაშურა გასახდელს.

ნურმაგომედოვისა და მაკგრეგორის გუნდებს შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ საჩემპიონო ბრძოლისთვის მოსამზადებელ პერიოდში დაიძაბა. მეტწილად ირლანდიელის სკანდალური განცხადებებისა და ქმედებების გამო, მებრძოლები რამდეიმეჯერ კინაღამ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ბოლო აკორდი 6 ოქტომბერს გამართული აწონვა იყო, რომელზეც მხარეები დაცვამ გააშველა.

ხაბიბ ნურმაგომედოვმა კარიერაში 29-ე შეხვედრა ჩაატარა და დაუმარცხებელ მებრძოლად რჩება. კონორ მაკგრეგორმა კი მეოთხედ წააგო.

XS
SM
MD
LG