გამოქვეყნდა ლატვიაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები. დათვლილია საარჩევნო უბნების 99%. პარლამენტში წარმოდგენილი იქნება შვიდი პარტია.
პირველ ადგილზე, როგორც სოციოლოგიური გამოკითხვებიც წინასწარმეტყველებდნენ, გავიდა ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტია „თანხმობა“, რომელსაც სათავეში უდგას რიგის მერი ნილ უშაკოვი. პარტიამ, რომელსაც ტრადიციულად მხარს უჭერს რუსულენოვანი მოსახლეობა, ხმების 20% მოაგროვა.
მეორე ადგილზე 14%-ით არის პოპულისტური პარტია „ვის ეკუთვნის სახელმწიფო?“, მესამეზე კი - „ახალი კონსერვატიული პარტია“.
არცერთი ეს პარტია არ შედის მმართველ კოალიციაში. პარლამენტში მოხვდა ასევე სამი პარტია, რომელიც შეადგენს ამ კოალიციას, მაგრამ საერთო ჯამში მათ ხმების 30%-ზე ნაკლები მოაგროვეს. 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა „ლატვიის რუსულმა კავშირმა“. არჩევნებში მონაწილეობდა 51%-ზე ოდნავ მეტი ამომრჩეველი.