ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ მალე შეხვდებიან „უსაფრთხოების სფეროში კოორდინაციაზე“ სამუშაოდ. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ განაცხადა მთავრობის სხდომაზე. ეს რუსეთ-ისრაელის პირველი სამიტი იქნება სირიაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როცა სირიის საჰაერო თავდაცვამ რუსეთის ილ-20 ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდო ისრაელის ავიაციის იერიშის დროს.
ამასთან, როგორც კრემლი იტყობინება, ნეთანიაჰუ იყო იმათ შორის, ვინც პუტინს ტელეფონით პირადად მიულოცა დაბადების დღე. კრემლის თანახმად, ნეთანიაჰუსთან ერთად პუტინს დაბადების დღე მიულოცეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ლიდერებმა, ასევე სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა.
რუსეთის რადიოელექტრონული დაზვერვის თვითმფრინავის კატასტროფის საპასუხოდ მოსკოვმა სირიაში გადაისროლა S-300 საზენიტო კომპლექსები, და სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადისთვის მათ გადაცემასაც გეგმავს უახლოეს მომავალში. ისრაელმა დაგმო ეს გადაწყვეტილება და პირობა დადო, რომ გააგრძელებს რეგიონში სამხედრო ოპერაციებს. ამავე დროს ისრაელმა განაცხადა, რომ არ შეწყვეტს თავისი მოქმედებების კოორდინირებას მოსკოვთან, რათა თავიდან იქნეს აცილებული შემთხვევითი შეტაკება ბრძოლის ველზე.
ამასობაში, ისრაელის რეგიონული თანამშრომლობის მინისტრის, ცახი ჰანეგბის თქმით, S-300-ს არ ძალუძს ისრაელის უახლესი გამანადგურებლების, F-35-ის აღმოჩენა.