Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგუშეთში გრძელდება მღელვარება საზღვრის საკითხზე


ჩეჩნეთთან საზღვრის საკითხის გარშემო გამოწვეული მღელვარება არ იკლებს ინგუშეთში, სადაც უკვე მეხუთე დღეა გრძელდება გამოსვლები, რეგიონის ლიდერის გადადგომის მოთხოვნით. 8 ოქტომბერს დემონსტრანტებმა კარვები გადაიტანეს დედაქალაქ მაგასის ცენტრალური მოედნიდან უბანში, სადაც სახელმწიფო ტელერადიო კომპანია მდებარეობს. სწორედ იქ დართეს მათ უფლება აქციები გააგრძელონ 15 ოქტომბრამდე. ბევრი დემონსტრანტი აცხადებს, რომ აქციებს ამ ვადის შემდეგაც გააგრძელებს, სანამ გაუქმდება ხელშეკრულება, რომელიც, მათი აზრით, უსამართლოდ გადასცემს ინგუშეთის ნაწილებს ჩეჩნეთს - უფრო მოზრდილ რეგიონს აღმოსავლეთით, რომელსაც რამზან კადიროვი უდგას სათავეში. დემონსტრანტების რაოდენობა ცვალებადია, რადგან ბევრი შინ მიდის დასასვენებლად და შემდეგ ადგილზე ბრუნდება. ღამღამობით რამდენიმე ასეული პირი მორიგეობს, დღისით კი დემონსტრაციებს უერთდება ათასობით მოქალაქე, მათ შორის ხანდაზმული მამაკაცები და ქალები. დემონსტრანტების ისლამური ლოცვებისას უერთდებიან პოლიციის და უშიშროების წარმომადგენლები, რომლებიც საპროტესტო აქციებს ადევნებენ თვალს.

XS
SM
MD
LG