Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა ბურჭულაძის ცოლმა გამომძიებლების კითხვებს უპასუხა


„გამომძიებლებს ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდე და იმედი მაქვს, რომ მეტი კითხვები აღარ გაუჩნდებათ“, - ეს კომენტარი გააკეთა გამოკითხვიდან გამოსულმა ანგელა ვასილენკომ, ფონდ „იავნანის“ დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის ცოლმა. ანგელა ვასილენკოს გამოკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 საათს გაგრძელდა. საქმე ეხება საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ ა(ა)იპ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდ იავნანა“-ს დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებს. მიმდინარე გამოძების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით, პაატა ბურჭულაძის ცოლი მთავარ პროკურატურაში 2018 წლის პირველ მარტსაც დაიბარეს, თუმცა მაშინ იგი საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდა და ამის მიზეზად მისი საზღვარგარეთ ყოფნა დასახელდა.

ანგელა ვასილენკოს თქმით, მათ წინააღმდეგ შავი პიარია აგორებული: „მე ხელფასს ორი წლის განმავლობაში ვიღებდი. საერთო ჯამში, კი ფონდში 14 წელი ვიმუშავე კონსულტანტ-თანაშემწედ. ვაკეთებდი ყველაფერს, რაც კი სამხატვრო ნაწილს ეხებოდა, მოლაპარაკებები, შეხვედრები, სტუმრების დახვედრა, რათა მათ მომავალში საქართველოში დაბრუნება მოისურვონ. როდესაც ადამიანები აქ ქველმოქმედების მიზნით ჩამოდიოდნენ, მათთვის უნდა შეგვექმნა პირობები, რომ მათ თავი ბედნიერად ეგრძნოთ. მე არ ვიცი ზუსტი ციფრები, მაგრამ გაყავით ის თანხა, რომელიც საქმეში ფიგურირებს, 14 წელზე და გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ორნი ვიყავით. მათ არაფერი აქვთ სათქმელი. სახელმწიფო თანხებს ჩვენ არ ვიყენებდით. ეს იყო პირადი სპონსორების ფული. ჩვენ შესანიშნავი პროექტები განვახორციელეთ - დმიტრი ხვოროსტოვკი, მონსერატ კაბალიე, მაია პლისეცკაია - ეს ხალხი ცოცხალი აღარ არის. ფონდის მუშაობის შედეგად საქართველოს ამ ადამიანების ნახვის საშუალება მიეცა. ჩვენ ვეხმარებოდით ადამიანებს, გვყავდა სტიპენდიანტები - ეს ყველაფერი შეჩერებულია „შავი პიარის“ გამო, ვინაიდან ვიღაცას ძალიან უნდა, რომ ბურჭულაძე ქვეყნიდან წავიდეს. მე ვინაობას არ დავასახელებ, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად იცის, ვის სურს, რომ ბურჭულაძე ქვეყნიდან წავიდეს“, - განაცხადა გამოკითხვიდან გამოსულმა ანგელა ვასილენკომ.

ფონდ „იავნანას“ შემოწირულობების არამიზნობრივად ხარჯვის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მედიით გავრცელდა. ინფორმაციის თანახმად, ფონდიდან პაატა ბურჭულაძის ცოლის ხელფასის, სასტუმროების დაქირავებისა და ავიაბილეთებისთვის რამდენიმე ასეული ათასი ლარი იხარჯებოდა.

XS
SM
MD
LG