Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო გამოკვლევა აჩვენებს, რომ პუტინის პოპულარობა მნიშვნელოვნად იკლებს


8 ოქტომბერს გავრცელებული გამოკვლევის შედეგებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ ნდობა 39 პროცენტამდე დაეცა რიგით რუსებს შორის. დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრის, ლევადას მიერ 20-26 სექტემბერს ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, პრეზიდენტის მიმართ ნდობა ცხრა პროცენტითაა დაცემული ივნისის შემდეგ, 20 პროცენტით - 2017 წლის ნოემბრის შემდეგ. კვლევის მონაწილეთა 13 პროცენტი ამბობს, რომ არ ენდობა პუტინს - რომელმაც გასულ კვირაში მოაწერა ხელი უკმაყოფილების გამომწვევ კანონპროექტს, რომელიც საპენსიო ასაკს ეტაპობრივად გაზრდის ქალებისთვის 60, მამაკაცებისთვის კი 65 წლამდე. რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობა მწვავედ ეწინააღმდეგებოდა ამ რეფორმებს, რომლებსაც ქვეყნის მასშტაბით აქციებიც კი მოჰყვა. პუტინმა, რომელიც 2000 წლიდან ან პრეზიდენტია და ან პრემიერ-მინისტრი, მარტში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 76 პროცენტზე მეტით გაიმარჯვა. იმავე გამოკვლევის თანახმად, ასევე დაიკლო პუტინის ახლო მოკავშირეების, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის პოპულარობის მაჩვენებლებმა. ლევადას კვლევებში პუტინის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აღირიცხა 2013 წლის აგვისტოში - მაშინ რესპონდენტთა მხოლოდ 30 პროცენტი აცხადებდა, რომ მას ენდობა. თუმცა პუტინის პოპულარობამ 80 პროცენტს გადააჭარბა 2014 წელს, მას მერე, რაც რუსეთმა უკრაინის ყირიმის ანექსირება მოახდინა.

XS
SM
MD
LG