აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ნიკი ჰეილი წლის ბოლოს გადადგება გაეროში აშშ-ის ელჩის თანამდებობიდან. ტრამპი 9 ოქტომბერს თეთრ სახლში შეხვდა ჰეილის, რის შემდეგაც თქვა, რომ მიიღო ჰეილის გადადგომა. გადაწყვეტილების მიზეზი ჯერ არ დასახელებულა. ტრამპმა ჰეილის უწოდა „ძალიან გამორჩეული“ პიროვნება და გაიხსენა, რომ მან პრეზიდენტს ექვსი თვის წინ უთხრა შესაძლო გადადგომის შესახებ. ტრამპმა გამოთქვა იმედი, რომ ჰეილი დაბრუნდება ვაშინგტონის ადმინისტრაციაში სხვა თანამდებობაზე. 46 წლის ნიკი ჰეილი ინდოელი იმიგრანტების შვილია. ის მიჩნეულია რესპუბლიკური პარტიის ამომავალ ვარსკვლავად და პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატად 2020 წლის არჩევნებზე. თუმცა ჰეილიმ ტრამპთან შეხვედრისას თქვა, რომ არ აპირებს 2020-ში თავისი კანდიდატურის წამოყენებას.
ყველაზე პოპულარული
1