Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი გააღიზიანა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებამ


რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერმა, პიოტრ ტოლსტოიმ ქმედუუნარო უწოდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. ტოლსტოის განცხადებით, ასამბლეა კიდევ უფრო აღრმავებს აშკარა კრიზისს. რუსეთის უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ 9 ოქტომბერს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა რეგლამენტში შესატან ცვლილებას, რომელიც რუსეთს მისცემდა ყირიმის ანექსიის გამო ჩამორთმეული უფლების აღდგენის შესაძლებლობას. ასამბლეამ შესაბამისი რეზოლუციის პროექტი დასამუშავებლად დაუბრუნა საპროცედურო კომიტეტს. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 99-მა წევრმა 79-ის წინააღმდეგ, 16-მა კი თავი შეიკავა.

ასამბლეის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული შედეგებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებიდან ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს ეკა ბესელიამ და ნინო გოგუაძემ და თავი შეიკავეს თამარ ჩუგოშვილმა, გიორგი კანდელაკმა და სოფიო ქაცარავამ. მანამდე დღის წესრიგში დადგა საკითხის განხილვის საერთოდ გადადება, რასაც მხარი დაუჭირა 51 დეპუტატმა, 128 კი წინააღმდეგი იყო. მომხრეთა შორის იყო საქართველოს დელეგაციის ყველა წევრი, რომელიც კენჭისყრაში მონაწილეობდა - თამარ ჩუგოშვილი, სოფიო ქაცარავა და ნინო გოგუაძე.

საპროცედურო კომიტეტისთვის დაბრუნებული რეზოლუციის პროექტში, რომელიც ეხება ასამბლეაში უფლებამოსილებასა და კენჭისყრასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესის სრულყოფას, კონკრეტულად რუსეთი მოხსენიებული არ არის, თუმცა, ამ დოკუმენტის დამტკიცების შემთხვევაში, რუსეთის დელეგაცია დაბრუნებას შეძლებდა მომდევნო, იანვრის სესიაზე.

ყირიმის ანექსიის გამო რუსეთს 2014 წლის აპრილში ჩამოერთვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმის მიცემის და მმართველ სტრუქტურებში მუშაობის უფლება. 2017 წლის ივნისში რუსეთმა განაცხადა, რომ უფლებების აღდგენამდე არ გადაიხდის ევროსაბჭოს საწევროს. ორგანიზაციის ბიუჯეტში მოსკოვს ყოველწლიურად შეჰქონდა დაახლოებით 33 მილიონი ევრო, რაც მთლიანი ბიუჯეტის თითქმის 10%-ია.

XS
SM
MD
LG