Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალურად დადასტურდა ბულგარელი ჟურნალისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავება


ბულგარეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ გერმანიის პოლიციამ დააკავა ბულგარელი ჟურნალისტის, ვიქტორია მარინოვას მკვლელობაში ეჭვმიტანილი. სოფიაში გამართულ პრესკონფერენციაზე ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მლადენ მარინოვმა განაცხადა, რომ 9 ოქტომბერს დაკავებული პირი 21 წლის ბულგარელი სევერინ კრასიმიროვია. გამოძიების ინფორმაციით, ეს პირი გერმანიაში ჩავიდა ბულგარეთის ქალაქ რუსედან, სადაც ჟურნალისტის ცხედარი იპოვეს. მარინოვის თქმით, არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ეჭვმიტანილის კავშირს მსხვერპლთან და დანაშაულის ადგილთან. მინისტრის ინფორმაციით, მარიონოვას გვამზე და ტანსაცმელზე აღმოჩენილია ეჭვმიტანილის დნმ. ამავე პრესკონფერენციაზე ბულგარეთის გენერალურმა პროკურორმა სოტირ ცაცაროვმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე გამოძიება ვერ ხედავს კავშირს ვიქტორია მარინოვას მკვლელობასა და მის პროფესიულ საქმიანობას შორის. გენერალური პროკურორის ინფორმაციით, მოპოვებული სამხილები მიუთითებენ, რომ ეს იყო სპონტანური თავდასხმა გაუპატიურების მიზნით. ამასთან, პროკურორმა აღნიშნა, რომ გამოძიება მუშაობას განაგრძობს ყველა ვერსიაზე.

30 წლის ვიქტორია მარინოვას გვამი 6 ოქტომბერს იპოვეს, ბულგარეთის ქალაქ რუსეს პარკში, მდინარე დუნაის მახლობლად. პოლიციის ინფორმაციით, ჟურნალისტი სასტიკად სცემეს, გააუპატიურეს და დაახრჩვეს. მკვლელობამდე მარინოვა იკვლევდა ევროკავშირის ფონდებიდან თანხების სავარაუდო მიტაცებას.

XS
SM
MD
LG