Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარემოს ეროვნული სააგენტოს კვლევით თბილისში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას არ აღემატება


ჰაერის ხარისხს ავტომატური სადგურით ამოწმებენ
ჰაერის ხარისხს ავტომატური სადგურით ამოწმებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად, თბილისის ოთხ სხვადასხვა ადგილას აღებული სინჯების ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სპეციალისტებმა სინჯები გასულ კვირაში აიღეს აბაშიძის, დადიანის და ქეთევან წამებულის ქუჩებსა და ტელეკომპანია „იმედის“ ეზოში.

სააგენტოს განცხადებით, ავტომატური სადგურების მეშვეობით გრძელდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგი. გასულ კვირაში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გაიზომა რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გაზომვის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობა ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, „2 ოქტომბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. 7 ოქტომბერს მხოლოდ ქუთაისში აღინიშნა კონცენტრაციის 1.2-ჯერ გადაჭარბება, ხოლო 8 ოქტომბერს კი თბილისში ვარკეთილში დაფიქსირდა PM10-ის კონცენტრაციის 1,1-ჯერ ნორმაზე გადაჭარბება. PM10-ის კონცენტრაციების მატება გამოწვეული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთ-დასავლეთიდან გავრცელებული უდაბნოს მტვრის ნაწილაკების შემცველი ჰაერის მასების გავრცელებით.“

ამავე კვლევით, „მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ყაზბეგის გამზირზე უმნიშვნელოდ, ხოლო ბათუმსა და ქუთაისში 1.1-ჯერ. ამ დღეების განმავლობაში ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.5-ჯერ, რაც არასრული წვის შედეგად არის გამოწვეული.“

XS
SM
MD
LG