Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ


ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის თანახმად, ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა „კურიერის“ ჟურნალისტი ეკა გაგუა და ოპერატორი, ლევან კალანდია სცემეს. შემთხვევა მოხდა მაშინ, როდესაც „კურიერი“ რეპორტაჟს ამზადებდა რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე. „რუსთავი2“-ის განმარტებით, ვიდეომასალის გადაღების დროს ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს კამერა წაართვეს, ტექნიკა რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტეს და მოპოვებული ვიდეომასალის წაშლა სცადეს.

მომხდარზე განცხადება გაავრცელა ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს მუდმივმოქმედმა ფილიალმაც. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამშენებლო მოედანზე 10 ოქტომბერს „რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფი წინასწარი გაფრთხილების გარეშე შევიდა. „დღეს დილით, დაახლოებით ათ საათზე მეცხრე გვირაბის აღმოსავლეთ პორტალთან (ქვიშხეთის სამშენებლო უბანი) „რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფი ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების აღჭურვილობის გარეშე, უნებართვოდ შეიჭრა სამშენებლო მოედანზე, სადაც აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები და სპეციალური უსაფრთხოების აღჭურვილობის გარეშე შესვლა აკრძალულია. ჩვენი კომპანიის თანამშრომლების მიერ, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, გადამღებმა ჯგუფმა მაინც არ დატოვა ტერიტორია და პროვოკაციული გზით შეეცადა ჩვენი კომპანიის თანამშრომლებთან კონფლიქტში შესვლას. ვწუხვართ მომხდარის გამო, ჩვენი მიზანი დახურულ სამშენებლო მოედანზე ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. მზად ვართ ვითანამშრომლოთ დაინტერესებულ პირებთან“, - ნათქვამია განცხადებაში.

„რუსთავი2“-ის ჟურნალისტმა ეკა გაგუამ ამასთან დაკავშირებით „კურიერში“ განმარტა, რომ სამშენებლო ობიექტზე არ ყოფილა გაფრთხილება იმის შესახებ, რომ უცხო პირთა შესვლა არ შეიძლებოდა. „ჩვენ დღეს დილიდან წამოვედით, რომ მოგვემზადებინა სიუჟეტი ახალ სარკინიგზო მაგისტრალთან დაკავშირებით. მივედით იმ ობიექტზე, საიდანაც ხდება გვირაბების მშენებლობა და არის სამშენებლო ობიექტი, შევედით ობიექტზე ფეხით მე და ჩემი ოპერატორი. იქ არანაირი გაფრთხილება, რომ არ შეიძლებოდა უცხო პირთა შესვლა, არ ყოფილა. დავიწყეთ გადაღება, რა დროსაც თავს დაგვესხნენ კომპანიის წარმომადგენლები და ფიზიკურად გაგვისწორდნენ“, - განაცხადა ეკა გაგუამ. ჟურნალისტი და ოპერატორი დასაკითხად ხაშურის პოლიციაში გადაიყვანეს.

XS
SM
MD
LG