Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში შეხვედრებს მართავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი


ჯორჯ კენტი
ჯორჯ კენტი

საქართველოში იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯორჯ კენტი. ამერიკელ დიპლომატთან საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების, დავით ზალკალიანის და ლევან იზორიას შეხვედრებისას განიხილეს სტრატეგიული პარტნიორობის და უსაფრთხოების საკითხები, თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის დინამიკა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რეგიონში მიმდინარე პროცესები. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ზალკალიანის და ჯორჯ კენტის შეხვედრაზე ხაზი გაესვა აშშ-ის განსაკუთრებულ როლს და ჩართულობას კონფლიქტის მოგვარების საკითხში. ამავე შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართონ ეკონომიკური თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ჯორჯ კენტმა დაადასტურა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკელი დიპლომატის და მინისტრის, ლევან იზორიას შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილ, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც ერთი ქართული ქვედანაყოფი უკვე გადამზადდა და უმაღლესი შეფასება მიიღო.

ჯორჯ კენტი შეხვდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიასაც. შსს-ს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების საკითხები, სახმელეთო საზღვრისა და სანაპირო დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და ისაუბრეს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობაზე. გახარიამ კენტს გააცნო შსს-ში სისტემური განახლების ფარგლებში დაგეგმილი რეფორმები.


XS
SM
MD
LG